მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან ყოველი ჩვენგანის ვალია, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმის დაწესება აუცილებელი იყო იმისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას შეახსენა გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების შესახებ და კიდევ ერთხელ განმარტა ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზანი.
„კოდექსის მიზანია მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო. ამ მიზნით დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან – 5 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან ყოველი ჩვენგანის ვალია. ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და კანონს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციითვე, კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში. შეგახსენებთ, რომ გარემოს დანაგვიანებაზე დღეიდან ჯარიმები ამოქმედდა.