„შარლი ებდოს“ ახალმა ნომერმა და გამოწერებმა რედაქციას 10 მილიონი ევრო მოუტანა
„შარლი ებდოს“ ახალი ნომრის შემოსავალმა, გამოწერებთან და მოქალაქეების მხრიდან გაკეთებულ შემოწირულობებთან ერთად, საერთო ჯამში ჟურნალის რედაქტორებს 10 მილიონი ევრო მოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე ტერაქტის შემდეგ ათასობით მოქალაქემ საქველმოქმედო მიზნებით საერთო ჯამში ჟურნალს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა. ყველაზე მეტი თანხა რედაქციაში დღევანდელი ნომრით შევიდა, რომელიც ჟურნალისთვის რეკორდული – 8 მილიონი ევრო აღმოჩნდა.
თუკი ტერაქტამდე ჟურნალის ტირაჟი 60 ათას ეგზემპლარს შეადგენდა, ტერაქტის შემდეგ ახალი ტირაჟი თავდაპირველად 1 მილიონი ეგზემპლარით, შემდეგ 3 მილიონით განისაზღვრა, საბოლოოდ კი ფრანგული პრესისთვის რეკორდულ 5 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.
გარდა ამისა, რეკორდულად გაიზარდა ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა, 7 ათასის ნაცვლად ჟურნალის გამოწერებმა ამჟამად 120 ათასს მიაღწია. მიუხედავად ჟურნალის ანარქისტული და ანტირელიგიური ხასიათისა, ჟურნალი საფრანგეთის ბევრმა ბიბლიოთეკამ და სახელმწიფო დაწესებულებამ გამოიწერა.
ერთ–ერთი უმსხვილესი შეკვეთა კომპანია „Air France“–მა განახორციელა, რომელმაც თავისი მგზავრებისთვის ახალი ნომრის 20 ათასი ეგზემპლარი დაუკვეთა. შედარებისთვის, ახლო წარსულში ჟურნალი ყოველკვირეულად 28 ათას ეგზემპლარზე მეტის გაყიდვას ვერ ახერხებდა, რაც გამოცემას ფინანსური კრიზისის პირობებში ამყოფებდა.
წყარო: “იტარ-ტასი”