პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი – 94 აბი ამოიღეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები