გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე – https://bit.ly/4ehMnIN
“აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები სხვადასხვა ტიპის დავალებებს მოიცავს, მათ შორის არჩევითპასუხებიან, ღია, შესაბამისობისა და სხვა ფორმატის ამოცანებს. არჩევითპასუხებიან დავალებებში თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და იგი განსაზღვრული ქულით ფასდება. ღია ტიპის დავალებები ფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება – 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა – 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა – 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა – 19 ქულა (75 წუთი).
გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს”, – წერია ინფორმაციაში.