რუსეთის ელჩი სომხურ მხარეს მოუწოდებს, გიუმრის ტრაგედიის პოლიტიზირება არ მოახდინოს

სომხეთში რუსეთის ელჩი ივანე ვოლინკინი სომხურ მხარეს მოუწოდებს, გიუმრის ტრაგედიის პოლიტიზირება არ მოახდინოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია–ნოვოსტი“ ავრცელებს. რადიო Sputnik–ის ეთერში ვოლინკინმა სომხეთს და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა და ტრაგედიაში დამნაშავის დასჯის პირობა დადო.
„საელჩოს თანამშრომელები შეძრულები ვართ ამ საშინელი ტრაგედიით. ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ახლობლებს და სომხეთს. ამ დანაშაულის ჩამდენები მკაცრად უნდა დაისაჯონ. საქმის გამოძიებისთვის სომხეთი და რუსეთი აუცილებელ პროცედურებს აწარმოებენ. ჩვენ ამ ტრაგედიისგან პოლიტიკური ცეცხლი არ უნდა გავაჩაღოთ. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ამ საქმის ყველა ნიუანსში გაერკვევა და დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება“, – განაცხადა სომხეთში რუსეთის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიუმრის სამხედრო ბაზის მახლობლად სომეხი მოსახლეობის მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სადაც მომიტინგეებმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის, მათ შორის 2 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვალერი პერმიაკოვის სომხური მხარისთვის გადაცემა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები