გიორგი მღებრიშვილმა C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიაში დავით სერგეენკოს გამოწვევა მიიღო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გამოწვევა მიიღო.
როგორც “კვირას” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები გაახმაურა. მინისტრის განცხადებით, პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია C ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა.
C ჰეპატიტის პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2014 წლიდან დაიწყო და მის ფარგლებში უკვე გამოკვლეულია 7 000-ზე მეტი პატიმარი.
მკურნალობის პროცესში ჩართული 300 მსჯავრდებულიდან უკვე სრულად განიკურნა 180 ბენეფიციარი.
სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული აქციის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილის გზავნილია: “ჩვენ უნდა დავამარცხოთ C ჰეპატიტი!”.
პირველად C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო.
ამასთან, პრევენციის მიზნით, 2015 წლის თებერვლიდან C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებზეც გავრცელდება; დღეიდან პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისთანავე ყველა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს C ჰეპატიტსა და B ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევას შესთავაზებენ.
გიორგი მღებრიშვილმა C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიაში სამი ადამიანი გამოიწვია. ესენი არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ევროპის საბჭოს პროგრამის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები