“ქართუს” ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და „მილენიუმის“ პროექტები ერთმანეთს ავსებს”

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” პროექტი საბაკალავრო პროგრამებზე, “ქართუს” პროექტი კი სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზეა გათვლილი.
მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, “ქართუ ფონდმა” განათლების სამინისტროს პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტის მოძიებაში დახმარების თხოვნით, 2014 წლის აგვისტოში მიმართა. მისივე თქმით პროექტი “ქართუს” საქველმოქმედო საქმიანობის ნაწილია და მთავრობა მასში დამფინანსებლის სახით არ იქნება ჩართული.
“ეს პროექტი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და შეესაბამება მთავრობის ინტერესებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიური განათლების განვითარების თაობაზე. “ქართუ ფონდმა” სრული მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტის დაფინანსების თაობაზე. ეს სრულად “ქართუს” საქველმოქმედო საქმიანობაა, ანუ მთავრობა მასში, როგორც ამ პროექტის დამფინანსებელი, არ იქნება ჩართული. ჩვენ ვეხმარებით “ქართუს” სათანადო ამერიკული უნივერსიტეტის მოძიებაში. ეს პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსთვის, ის ჩვენი განათლების სისტემისთვის საქველმოქმედო პროექტია, შესაბამისად, ჩვენი ინტერესიცაა, მას სრულად შევუწყოთ ხელი. ამასთან ერთად, დეკემბერში პრემიერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც ამ უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავებს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის პროექტს. კომისიას პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს, მოადგილე კი გამოჩენილი მეცნიერი გია დვალია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ “ქართუს”, განათლების სამინისტროს, თვითონ მთავრობისა და მეცნიერების ასეთი ერთობლივი თანამშრომლობით, შესაძლებელი იქნება ისეთი პროექტის შემუშავება, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს მეცნიერების და განათლების განვითარებისთვის იქნება ხელსაყრელი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება „მილენიუმის“ მიერ დაფინანსებულ პროექტთან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თავსებადობას, ცქიტიშვილის თქმით, “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამები ფინანსდება, “ქართუს” პროექტი კი, ძირითადად, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე იქნება გათვლილი.
“რაც შეეხება „მილენიუმის“ პროექტს, მისი განხორციელება უკვე დაწყებულია. ამ წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა მიღებას გეგმავს. ეს პროექტი ერთობლივად საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. მილენიუმის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი, პირველ რიგში, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებზეა ორიენტირებული. რაც შეეხება პროექტს, რომელსაც ახორციელებს “ქართუ”, ეს, ძირითადად, ორიენტირებულია სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე, აქედან გამომდინარე, ეს ორი პროექტი ერთმანეთს ავსებს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები