„საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ევროპისა და აზიის დაკავშირების საქმეში“

ჩვენ განვიხილავთ ახალი აბრეშუმის გზის შექმნის შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი სურვილია საქართველოს უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა აქვს და შეუძლია ევროპისა და აზიის დაკავშირების საქმეში დიდი წვლილი შეიტანოს.

„საქართველოს აქვს უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა და ჩემი სურვილია, მან დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რომელსაც ეს დერეფანი ასრულებდა წარსულში. ჩვენ განვიხილავთ ახალი აბრეშუმის გზის შექმნის შესაძლებლობას. ჩინეთის პრეზიდენტმა საჯაროდ გამოთქვა დაინტერესება ამ კონცეფციით. საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ევროპისა და აზიის დაკავშირების საქმეში. საქართველოს, როგორც ამ რეგიონებს შორის ვაჭრობის ხელშემწყობის, როლი უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებზე, სოფლის მეურნეობის სექტორზე და მრეწველობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა.

„რაც შეეხება ბიზნესშესაძლებლობებს, სოფლის მეურნეობის სექტორი, ჩვენს ქვეყანაში არსებული უდიდესი რესურსის წყალობით, არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მიმზიდველი დარგი საქართველოში.

ჰიდროელექტროენერგეტიკა არის კიდევ ერთი სექტორი, რომელიც ძალიან პერსპექტიულია. საქართველო იყენებს თავისი ჰიდროენერგორესურსების მხოლოდ 18-20 პროცენტს. ჩვენს ქვეყანაში არის 26 ათასი მდინარე. ასე რომ, არსებობს განახლებადი ენერგიის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი არა მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის, არამედ თურქეთში მისი ექსპორტისთვისაც. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ამჟამად მშენებარე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს. ეს კი მოგვცემს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალებას თურქეთში და შემდეგ, თურქეთის გავლით, ევროპაში. ტურიზმიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია, რადგანაც საქართველოში გვაქვს როგორც მაღალმთიანი, ისე ტროპიკული და კონტინენტური ზონები. ჩვენ გვაქვს უმშვენიერესი მთები, სათხილამურო კურორტები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ასევე დიდია მოთხოვნა 3-5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე.

რაც შეეხება მრეწველობასა და ტრანსპორტს, ჩვენ დავინტერესდით ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით, რომელიც შეძლებს დიდი გემების მიღებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს აბრეშუმის გზის აღდგენის საქმეში, რადგანაც მარშრუტები ჩინეთიდან გაივლის საქართველოზე და ამ დერეფანზე. ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რათა დავტვირთოთ გემები, რომლებიც გავლენ რუმინეთის, ევროპის მიმართულებით. ამ პროცესს სულ რაღაც 17 დღე დასჭირდება და ეს იქნება უმოკლესი მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის ხელისუფლებასთან. ეს პორტი შეამოკლებს მარშრუტს, დაზოგავს ფულსა და დროს, მოუტანს ამ დერეფანს უფრო დიდი ოდენობის ენერგორესურსებს და გაზრდის დაინტერესებას. მინდა ასევე შევეხო ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის საკითხს. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების მიმართ, რუსეთის ჩათვლით. ურთიერთობაში ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული, რაციონალური და კონსტრუქციული სტრატეგიები, რადგანაც ჩვენი სურვილია დაძაბულობის დეესკალაცია და ახალი კონფლიქტების პრევენცია, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ვართ სანდო და პროგნოზირებადი ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს თანამიმდევრული, სტაბილურობისა და მშვიდობის ქომაგი ლიდერები. თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა, ის ვერც მთლიანად კავკასიის რეგიონში დამყარდება, და ეს, თავის მხრივ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მსოფლიოს.

სულ ახლახან ვიყავი აზერბაიჯანში, სადაც დავათვალიერე შაჰ-დენიზის გაზსადენის პროექტის მეორე ფაზის პირველი სეგმენტი. ეს პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 45 მილიარდი დოლარია, ევროპასა და თურქეთს უზრუნველყოფს 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზით. ამ პროექტიდან საქართველოც ნახავს სარგებელს. ჩვენ ვართ ამ პროექტში ჩართული ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რაც სტაბილური გარემოს შენარჩუნების სერიოზული სტიმულია. საქართველო სანდო სატრანზიტო ქვეყანაა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც ჩართული არიან ევროპული ქვეყნები, კომპანია BP და სხვები“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები