ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 14 იანვარს კონცერტს გამართავენ

14 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, კონცერტზე შესრულდება სუხიშვილების დაუვიწყარი ტანგო ანიტასთან ერთად.
ილიკო სუხიშვილი სპეციალურად ამ საღამოსთვის ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე კომპოზიციაზე ცეკვას დადგამს.
2015 წელს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 90 წელი უსრულდება.
„ბედნიერი ვარ, რომ 2015 წელს საქართველოში შევხვდი და ძველით ახალი წლის საღამოს გავატარებ ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელთან, ნიკასთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია მე და ნიკა ერთობლივი კონცერტით ვხსნით ყოველ ახალ წელს და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითი სიახლეებით სავსე ცხოვრება გამოგვდის. 15 იანვარს უკვე მილანში მივემგზავრები, სადაც დიდხანს მომიწევს ყოფნა, რადგან „ლა სკალას“ საპრემიერო სპექტაკლში „აიდა“ ამნერისის პარტიას ვმღერი. დიდი სურვილი მქონდა, რომ პირველი დიდი კონცერტი საქართველოში გამემართა და ჩვენი ხალხისთვის ახალი წელი მიმელოცა. ეს პროგრამა გასულ წელს ნიუ-იორკში წარმოვადგინეთ და ძალიან მოეწონა იქაურ მაყურებელს. აქვე მინდა, 90 წლის იუბილე მივულოცო მსოფლიო დონის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს“, – ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.
პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, ქალაქის საკრებულო, „მედია პალიტრა“, კომპანია „მაგთი“, „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, რადიო „ფორტუნა“, „118 08“, და „აუთდორ.გე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები