ერევანთან ქართველი „კანონიერი ქურდების“ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური „სხოდკა“ შედგა

ერევნის მახლობლად „კანონიერი ქურდების“ ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური შეკრება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს. თავდაპირველად „სხოდკა“ მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რუსეთის დედაქალაქის ოპერატიული სამსახური კრიმინალებს დაკავებით დაემუქრა, რის გამოც „კანონიერმა ქურდებმა“ ერევანში გადაინაცვლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთში შენიშნეს კრიმინალები: რობინზონ არაბული, გიორგი უგულავა („თახი“), დავით სებისკვერაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, ამირან სოფრომაძე („სოფოტია“), ოლეგ შიშკანოვი („შიშკანი“), ზაქრო კალაშოვი, ბორის აფაქია („აფაქელა“), ჰუსეინ აჰმადოვი („ბრმა ჰუსეინი“) და სხვები. საერთო ჯამში, ერევანში 100-ზე მეტი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ჩავიდა.
როგორც რუსული პრესა წერს, „სხოდკის“ მონაწილეებმა 2008 წლიდან „კანონიერი ქურდების“ მომრავლება განიხილეს. კალაშოვის მოსაზრებით, ამ „ქურდის წოდების“ მინიჭება 2008 წლიდან აუცილებელი პროცედურების გარეშე ხდებოდა. შეკრების მონაწილეები მას დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ იმ დროიდან „კანონიერი ქურდის“ ტიტული დაახლოებით 250-მა ადამიანმა მიიღო. შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული 250 პირი აღარ არის „კრიმინალური ავტორიტეტი“, მათ ამიერიდან უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც „კანონიერი ქურდობისკენ მიისწრაფვიან“.
ე.წ. კანონიერი ქურდის წოდება ჩამოერთვათ როვშან ჯანიევს (როვშან ლიანკორანსკის) და ჯემალ მიქელაძეს (ჯემოს). მერაბ ჯანგველაძის (სუხუმსკის) და ტარიელ ონიანის (ტაროს) ბედი კი ციხიდან მათი გამოსვლის შემდეგ გადაწყდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები