პროკურორი: ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა
პროკურორ რევაზ ნადოის თქმით, ზურაბ ჟვანიას ცხედარს, მისი გაგუდვის ეჭვის არსებობიდან გამომდინარე, ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა.
როგორც პროკურორმა საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ასეთი ეჭვი არსებობს, ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ბალზამირების პროცესი არ უნდა ჩატარდეს.
პროკურორმა აღნიშნული კომენტარი დღეს დაკითხული მოწმის – არჩილ ჭიკაძის ჩვენების საფუძველზე გააკეთა.
საუბარია დაკითხულ სანიტარზე, რომელმაც ჟვანიას ცხედარს ბალზამირება ჩაუტარა.
“ბრალდებული ჩაჩუა ჩვენებებში ადასტურებდა, რომ ჟვანიას და უსუპოვის გვამების დათვალიერებისას პროცესს მასთან ერთად ესწრებოდნენ სანიტრები. დღეს დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება და არც ცოდნა და არც ვალდებულება არ ჰქონდა, დაეთვალიერებინა გვამები და დაეფიქსირებინა საეჭვო უბნები. ასევე მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლება, განესაზღვრა, ესა თუ ის უბანი იყო თუ არა დაზიანებული. მანვე განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და პრეროგატივა. მოწმემ ისიც განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მოქმედებები, კერძოდ, გვამის გაკვეთა, თავის ქალის ტრეპანაცია და გვამის მოწესრიგება, ანუ გაკერვა“, – განაცხადა რევაზ ნადოიმ. მისი თქმით, სხვა დაზიანებების დათვალიერების განსაზღვრა მხოლოდ ექსპერტის მოვალეობა იყო.
პროკურორის საპასუხოდ დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბალზამირება გარდაცვლილი ყოფილი პრემიერის ცხედარს მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მისი სხეულიდან ნიმუშები იქნა აღებული. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მოწმის დაკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვს მკერდის არეში არა დაზიანებები, არამედ ბალზამირების პროცესში მიღებული ნაჩხვლეტი აქვს.
როგორც ადვოკატი ამბობს, დღეს სასამართლოში დაკითხული მოწმე, ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი ადასტურებს, რომ ასანთის ღერის სისქის ნაჩხვლეტი ბალზამირების პროცესში კეთდება ცხედარზე.