ემზარ კვიციანი შეწყალებას ითხოვს

ემზარ კვიციანის ადვოკატმა ალექსდანდრე კობაიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა. კობაიძემ პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების მოთხოვით მიმართა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიმდინარე წლის დეკემბერის ბოლოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ – აპირებდა თუ არა ემზარ კვიციანის შეწყალებას, განაცხადა, რომ მისთვის ამ თხოვნით არავის მიუმართავს. ადვოკატმა განმარტა, რომ აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, მიმართავს პრეზიდენტს თხოვნით, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს ემზარ კვიციანი.
“კონსტიტუციის 73-ე მუხლის “პ” ქვეპუნქტით, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს. აღნიშნული მუხლი ერთპიროვნულად ანიჭებს პრეზიდენტს უფლებას, ისარგებლოს მისი შეხედულებისამებრ, ვინაიდან იერარქიულად კონსტიტუცია უფრო მაღალი სამართლებრივი ნორმაა, ვიდრე – კანონი, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, აღნიშნული ნორმის თანახმად შეიწყალოს ემზარ კვიციანი, უპირობოდ, ყოველგვარი ბრალის აღიარების თუ არაღიარების გარეშე. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად დაედო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ემზარ კვიციანი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა. იგი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. კვიციანი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები