სკანდალი: ყოფილი ხელისუფლების მიერ ბათუმელი ბიზნესმენისთვის ჩამორთმეულ სახლში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მოსამართლე ცხოვრობს

რა კავშირშია საქმესთან აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე? 

„ურეხის“ წისქვილკომბინატის დამფუძნებლები ყოფილ ხელისუფლებას ქონების  ჩამორთმევას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას  ედავებიან. ბათუმში მდებარე “ურეხის“  წისქვილკომბინატის  25%-იანი წილის მფლობელი მერაბ ბოლქვაძე,  რომელიც ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში, კომბინატის  ეროვნებით თურქ მეწილესთან ერთად, ქეიფობდა, 2010 წლის 7 მარტს ამავე ბიზნესმენისთვის  თანხის გამოძალვის ბრალდებით   დააკავეს.
ბოლქვაძის თურქმა პარტნიორმა სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში უარყო, რომ მას მერაბ  ბოლქვაძემ თანხა  გამოსძალა და პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, თუმცა ბოლქვაძეს წინასწარი პატიმრობა მაინც შეეფარდა.

როგორ შეკერეს“  აარის კუდის  იმჟამინდელმა მაღალჩინოსნებმა ბიზნესმენის  დაკავების საქმ? როგორ აღმოჩნდა ბათუმში მდებარე ბოლქვაძეების კუთვნილი სამოთახიანი  ბინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ცაბუტაშვილის  მფლობელობაში? რატომ გადააფორმებინეს  ბოლქვაძეებს კუდის  ყოფილ თანამშრომელ გია ქოქოლაძეზე მათი კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც შემდეგ  კუდის იმჟამინდელი  უფროსი თეიმურაზ პატრიძე  და მისი ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ? – ამ და საქმის სხვა დეტალებზე მერაბ ბოლქვაძის მეუღლე დალი ბოლქვაძე ექსკლუზიურად, პირველად „კვირასთან“ საუბრობს.

დალი ბოლქვაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავებამდე დაახლოებით 6 თვით ადრე  „ურეხის“  წისქვილკომბინატში სპეციალური კომისია შევიდა, თუმცა მათ ვერავითარი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ბოლქვაძის მტკიცებით,  სწორედ ამის შედეგ დაიწერა სცენარი, რის საფუძველზეც, მერაბ ბოლქვაძის მიერ  „კანონდარღვევის ჩადენის“ ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო, რასაც მისი დაკავება უნდა მოჰყოლოდა.
ბოლქვაძის მეუღლე აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაფიქრის განსახორციელებლად წისქვილკომბინატის ეროვნებით თურქი მოლარე გამოიყენეს და მისი „დავერბოვკება“ დაიწყეს.10872551_330107423862114_1958230345_n
როგორც აღმოჩნდა, თურქ მოლარეს თურქი  სამართალდამცველები ეძებდნენ, სწორედ ამით ისარგებლეს კუდის თანამშრომლებმა და მას  ულტიმატუმი წაუყენეს –  თუ  მათ სცენარში მონაწილეობას არ მიიღებდა, დააკავებდნენ და თურქ სამართალდამცველებს გადასცემდენენ. ისიც დასთანხმდა და მათი ბრძანება შეასრულა.
„გეგმა ასეთი იყო: 7 მარტს საღამოს მოლარე ურეკავს ჩემს მეუღლეს და ეუბნება, რომ ბანკში დღიური ნავაჭრის შეტანა და ფინანსური ოპერაციის განხორციელება ვერ მოასწრო, ვინაიდან მეორე დღე 8 მარტი უქმე დღე უწევდა. მან ჩემს მეუღლეს მანქანით წისქვილკომბინატში მისვლა და  იმ დღის ნავაჭრი თანხის –  70 ათასი ლარის მასთან შენახვა სთხოვა. ჩემი მეუღლე ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასთანხმდა, გაიარა მანქანით სამსახურში, კონვერტში ჩადებული თანხა გამოართვა და მანქანაში არსებულ სეიფში შეინახა. ამის შემდეგ, რესტორანში, სადაც ჩემი მეუღლე მის ბიზნესპარტნიორთან ერთად ქეიფობდა,  კუდის თანამშრომლები მიდიან და ბრალად სწორედ აღნიშნული ბიზნესმენისგან თანხის გამოძალვას უყენებენ. შემდეგ ისინი მიჰყავთ დაკითხვაზე, სადაც თურქი ბიზნესმენი უარყოფს, რომ მას ჩემმა მეუღლემ თანხა გამოსძალა და მის წინააღმდეგ ჩვენებას არ აძლევს.  კონვერტი, რომელშიც თანხა იდო, ჩემს ქმარს არც გაუხსნია, მან ჩვენებაში დეტალურად მოყვა, რა გარემოებაში აღმოჩნდა აღნიშნული თანხა მასთან. მან თქვა, რომ თანხის მიტანას უკან მალევე აპირებდა და ამის შესახებ კომპანიის სხვა მეწილეებისთვისაც ცნობილი იყო“, – აცხადებს დალი ბოლქვაძე.
მიუხედავად  აღნიშნული ჩვენებებისა,  სამართალდამცველებმა მერაბ ბოლქვაძე მაინც დააკავეს. მოგვიანებით კი მის თურქ პარტნიორს, რომელსაც სასურველი ჩვენების მიცემა ვერ აიძულეს,  ბოლქვაძის მსგავსად, საქმე “შეუკერეს“ და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
ბოლქვაძის თქმით, მისი მეუღლის  სასამართლო პროცესები დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა.
საყურადღებოა, რომ პროცესს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე,  კომპანიის მოლარე არ ესწრებოდა, მას ბრალდების მხარე  პროცესებზე  შეცვლილი სახელით – როსტომით მოიხსენიებდა, სინამდვილეში კი მოლარეს ჯანი ერქვა.
დალი ბოლქვაძე ამ ფაქტს შემდეგი გარემოებით ხსნის. მისი თქმით, რადგან საქმეში თურქებიც ფიგურირებდნენ, პროცესებს თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, იმ შემთხვევაში კი თუ პროცესზე მოლარე ფიზიკურად გამოჩნდებოდა, ან მის სახელსა და გვარს დაასახელებდნენ, საკონსულოს თანამშრომლებისთვის ნათელი გახდებოდა, თუ სად იმყოფებოდა თურქი სამართალდამცველების მიერ ძებნილი პირი. საბოლოოდ კი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოლარეს გარანტიები მისცეს, რომ თურქულ მხარესთან ყველაფერი მოგვარებული იყო და შეეძლო მშვიდად წასულიყო საკუთარ ქვეყანაში. მოლარე ენდო მათ, თუმცა ის თურქეთში ჩასვლიდან, მალევე დააკვეს.

როგორ აღმოჩნდა ბოლქვაძეების კუთვნილი ბინა და ავტომობილი სახელმწიფოს საკუთრებაში?

დალი ბოლქვაძის თქმით, მისი მეუღლის დაკავებიდან ერთი წლის თავზე პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე დასთანხმდა და    მერაბ ბოლქვაძის გათავისუფლების სანაცვლოდ   მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. შემდეგ ეს თანხა გაანახევრა, თუმცა ბოლქვაძეების ოჯახმა მაინც ვერ შეძლო გადახდა. ამის შემდეგ ბრალდების მხარემ ბოლქვაძეების ოჯახს შეუთვალა, რომ ბათუმში მდებარე ბინა  სახელმწიფოსთვის გადაეცა.10841596_1568473706721677_2009597282_n
დალი ბოლქვაძე აცხადებს, რომ ვინაიდან მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, ბინა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე  გადააფორმა, ხოლო ავტომობილი კუდის ერთ-ერთ თანამშრომელზე, გია ქოქოლაძეზე. საბოლოოდ  მერაბ ბოლქვაძე სასამართლომ  100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ,  პირობით გაათავისუფლა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 5 ივლისს შეიცვალა ადგილმდებარეობა და თბილისიდან ბათუმში გადავიდა. საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ბათუმის სხვადასხვა უბნებში  ბინები   გადაეცათ.
სწორედ  ბოლქვაძეების  სამოთახიანი ევრორემონტით გაკეთებული ბინა იყო ერთ-ერთი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს თამაზ ცაბუტაშვილს  გადაეცა.

ვინ არის მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი და რა კავშირი ჰქონდა მასთან მიხეილ სააკაშვილს?

თამაზ ცაბუტაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავის დროზე სწორედ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის კვოტით გახდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი 2011 წლის ზაფხულში ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს 10863474_10152621760859779_43065654_nახალი მოსამართლის თამაზ ცაბუტაშვილის ფიცის დადების ცერემონიას პირადად დაესწრო. ცაბუტაშვილმა მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯონი ხეცურიანი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ამოეწურა.
თამაზ ცაბუტაშვილი განათლებით იურისტია. ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა.
“ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანის ისტორიულმა ფაქტმა არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახლებურად დაგვანახა საქართველოს სწორი დეცენტრალიზაციის პროცესი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, რომელიც პარლამენტის ქუთაისში გადატანას ეხება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა კუთხე ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყნის მართვაში”, – აცხადებდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი.

ბოლქვაძის ინფორმაციით, ცაბუტაშვილი ამჟამად  თბილისში ცხოვრობს, ბათუმის ბინაში  კი ოჯახთან ერთად ზაფხულობით დასასვენებლად ჩადის.
„როცა შევიტყვე, რომ ბინა გადასცეს ამ მოსამართლეს,  მის მეუღლეს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ისინი ცხოვრობდნენ უკანონოდ წართმეულ ბინაში. მისგან კი მივიღე პასუხი, რომ რასაც სასამართლო  გადაწყვეტდა, იმის მიხედვით იმოქმედებდნენ. ეს ბინა ჩემთვის მხოლოდ თავშესაფარი არ არის,  იმ ბინას უკავშირდება ბევრი კარგი ისტორია, იქ  გავზარდეთ ორი შვილი“, – განუცხადა „კვირას“ დალი ბოლქვაძემ.
ახალი ხელუსფლების პირობებში ბოლქვაძეებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მიმართეს. საგამოძიებო უწყებამ აჭარის კუდის ყოფილი თანამშრომელი, გია ქოქოლაძე, რომლის სახელზეც ბოლქვაძეების კუთვნილი ავტომობილის გადაფორმება მოხდა, უკვე დაკითხა.111111111111
დალი ბოლქვაძის ინფორმაციით, ქოქოლაძემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა პროცესები უძღვოდა მისთვის აღნიშნული მანქანის გადაცემის ფაქტს.
ბოლქვაძეების ოჯახი  აჭარის კუდის ყოფილი უფროსის თემურ პატარიძის დაკითხვასაც ითხოვს. დალი ბოლქვაძე დარწმუნებულია, რომ პატარიძე ყველაფრის საქმის კურსში იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე მიმდინარე წლის ოქტომბერში  დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ თეიმურაზ პატარიძემ, 2008-2012 წლებში, ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა ე.წ. “საარჩევნო კარუსელის” გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამუშაოდ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება. ამის შესახებ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობა დაზარალებულებს მაქსიმუმ თებერვალმდე წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და მათი კომპენსირება.
ბოლქვაძეები იმედოვნებენ, რომ ერთ-ერთი ასეთი მათი საქმე იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები