ირაკლი ღარიბაშვილი: “მაესტროს” საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა
“მაესტროს” საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა და არ მაქვს ამის სურვილი, რაღა მაინცდამაინც “მაესტრო”. თუ ჩარევაა, სხვაგან ჩავერეოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში გამონაკლისია საქართველოს მთავრობა, რომელიც არ მართავს და არ აკონტროლებს არც ერთ მედიასაშუალებას.
“ეს არის თავისუფალი მედიის დამსახურება. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა მოვიხსენით. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ მედია გათავისუფლდებოდა ხელისუფლების ჩარევისგან და ზეწოლისგან. ჩვენ არ ვართ ხელისულება, რომელმაც დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იმედი” შტურმით აიღო 2007 წელს, დაარბიეს და ჟურნალისტები სცემეს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არის ტოლერანტული, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მათი უფლებაა. ეს არის თავისუფალი მედიის მთავარი მახასიათებელი. რაც შეეხება “მაესტროს”, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობთ, მთავრობა, ხელისუფლება არ ერევა “მაესტროს” საქმიანობაში და არ მაქვს ამის სურვილი. რაღა მაინცდამაინც “მაესტრო”, თუ ჩარევაა, სხვაგან ჩავერეოდით. მაგალითად, პირველ არხზე, მაგრამ არც იქ ვერევით, იქ აბსოლუტური დამოუკიდებლობაა. ყველაზე კრიტიკული შეკითხვები პირველი არხის ჟურნალისტმა დამისვა. ასეთია ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი დანაპირები, რომ მედია იყოს თავისუფალი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.