ნიკარაგუამ წყნარი და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი არხის აგება დაიწყო

ნიკარაგუაში ოკეანეთაშორისი არხის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ერთმანეთთან წყნარ და ატლანტის ოკეანეს დააკავშირებს. ამ ინფორმაციას „Associated Press“–ი ავრცელებს.
მშენებლობას, რომელიც პანამის არხის ალტერნატივად უნდა იქცეს, ჩინური კომპანია „HKND Group“–ი განახორციელებს. ნიკარაგუას ლიდერმა დანიელ ორტეგამ თავის ხალხს ტელემიმართვით მშენებლობის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ პროექტი ნიკარაგუაში და მთლიანად ცენტრალური ამერიკაში ეკონომიკურ სიტუაციას სრულიად შეცვლის.პრეზიდენტმა თავის ხალხს ასევე პირობა მისცა, რომ მშენებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება, ხოლო თავად მშენებლობისას ქვეყნის მილიონამდე მაცხოვრებელი დასაქმდება. არსებული გეგმის თანახმად არხი წყნარი ოკეანეში მდინარე ბრიტოს შესართავიდან დაიწყება და ატლანტის ოკეანეში მდინარე პუნტა–გორდას შესართავთან დასრულდება. არხის სრული სიგრძე დაახლოებით 278 კილომეტრი იქნება, მათგან 105 კილომეტრი ტბა ნიკარაგუაზე მოდის, სიღრმე 26–30 მეტრი, ხოლო სიგანე 230–530 მეტრი იქნება. არხის გასავლელად გემებს დაახლოებით 30 საათი დასჭირდებათ. წლის განმავლობაში არხი 5 ათასზე მეტ გემს გაატარებს. ნიკარაგუას არხის ექსპლუატაციის დაწყების თარიღად 2019 წელია დაგეგმილი, ხოლო მშენებლობის სრული დასრულება 2029 წელს უნდა განხორციელდეს. პროექტის სრული ღირებულება 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები