გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ 180-კაციან სიას გამოაქვეყნებს

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი პარლამენტში უმცირესობის წევრთან – აკაკი ბობოხიძესთან დაპირისპირების ფაქტს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ კიდევ ერთხელ იხსენებს. ცაგარეიშვილის თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესობაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჯოჯოხეთს უწყობდნენ იმათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ იყო. როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნებს იმ 180-კაციან სიას, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, რადგან არ იყვნენ მათი მხარდამჭერები.
„პარლამენტში გავიხსენე შემთხვევა, როდესაც „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტ ქალბატონს, ნონა საღარეიშვილს 2008 წლის 5 იანვარს, არჩევნების შემდეგ, საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ ვიღაც თახსირი კაცები და ახრჩობდნენ. ყველას გვახსოვს, თუ როგორ იტაცებდნენ „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“ საპროტესტო აქციებიდან შინისაკენ მიმავალ ოპოზიციის მხარდამჭერებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. 2010 წელს, როდესაც სააკაშვილი მობრძანდა თავისი მოხსენებით პარლამენტში, მას ამ ნაწამები ხალხის 180-კაციანი სია გადავეცი. უახლოეს დღეებში ამ სიას გამოვაქვეყნებ“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური“ მმართველობის დამნაშავე ჩინოსნები მოდებული არიან მსოფლიოს, ბობოხიძის ძმაკაცები, ადეიშვილის თამადობით, ვირთხებივით სოროებში იმალებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გაზეთ „კვირი პალიტრასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებსაც იხსენებს. „2009 წლის საპროტესტო აქციებისას, ყოფილი პარლამენტარი დავით უჯმაჯურიძე ჭავჭავაძის გამზირიდან გაიტაცეს მცხეთაში, ხეზე მიაბეს, აწამეს და მანქანა დაუწვეს. აქციიდან შინ მიმავალ „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტ ვახტანგ ლაღიძესაც გზაში დახვდნენ, მანქანა წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ,“ – ამბობს ცაგარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები