ბარაკ ობამამ ყირიმთან ვაჭრობა აკრძალა
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყირიმში მომუშავე პირების და ორგანიზაციების მიმართ ახალი შეზღუდვები დააწესა. ბრძანება „გარკვეული პირების საკუთრების ბლოკირებისა და უკრაინის რეგიონ ყირიმთან დაკავშირებული გარკვეული ოპერაციების აკრძალვის შესახებ“ რეგიონში საქონლის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების, სერვისის ექსპორტს და ყირიმიდან პროდუქტების იმპორტს კრძალავს.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს ყირიმში მომუშავე გარკვეული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების უფლება მისცა.
ობამას თქმით, ბრძანების მიზანია – კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ნახევარკუნძულის რუსული ანექსიის სრული არაღიარების შესახებ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს ოკუპაციის, ყირიმის ანექსიის მცდელობისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დასრულებისკენ, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ“, – განაცხადა ობამამ.