ბელორუსიის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის პროცესს იწყებს

ბელორუსიაში მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესმა ეპისკოპოსებმა და სასულიერო პირებმა სასულიერო კრება ჩაატარეს, რომელზეც მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის საკითხი პირველად გაჟღერდა. ამ ინფორმაციას ბელორუსიის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური პორტალი church.by ავრცელებს.
სასულიერო საერთო კრება ძალზე წარმომადგენლობითი გახლდათ და მასში ბელორუსიის 507-მა საეკლესიო პირმა მიიღო მონაწილეობა. საერთო კრებას მინსკის მიტროპოლიტი და სრულიად ბელორუსიის საპატრიარქო ეგზარქოსი პავლე ხელმძღვანელობდა. კრების დადგენილებაში უმნიშვნელოვანესი გახლდათ მე-19 პუნქტი, რომელიც ბელორუსიის მართლმადიდებლური ეკლესიის სამომავლო ბედს ეხება. ამ პუნქტის თანახმად, ბელორუსიის საერთო კრებამ გადაწყვიტა, ეთხოვოს მინსკის მიტროპოლიტს, სრულიად რუსეთის საპატრიარქო ეგზარქოს პავლეს, შუამავლობა გასწიოს მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან, ასევე, წმინდა სინოდთან, რათა ბელორუსიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში ლატვიის, მოლდოვას და ესტონეთის მაგალითზე თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი მიიღოს.
სასულიერო კრების მონაწილე მამა ალექსანდრე შრამკოს თანახმად, ამ ეტაპზე ავტონომიის და ავტოკეფალიის მოთხოვნის საკითხი „გაყინულია“ და შესაბამისად, ბელორუსიის ეკლესიამ დამოუკიდებლობის მისაღწევად ამ ახალი ფორმის გამოყენება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები