9 აპრილის ჯალათი გენერალი როდიონოვი მოსკოვში გარდაიცვალა
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ როდიონოვი 78 წლის ასაკში მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მეთაურთა კლუბის აპარატის ხელმძღვანელის ნიკოლოზ დერიაბინის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იგორ ნიკოლოზის ძე დღეს მოსკოვში სიცოცხლის 79–ე წელიწადში გარდაიცვალა“, – განუცხადა სააგენტოს დერიაბინმა. იგორ როდიონოვს 1996 წლის ივლისიდან 1997 წლის მაისამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრი პოსტი ეკავა. სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლის შემდეგ როდიონოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ორი მოწვევის დეპუტატი გახლდათ. საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებით სამახსოვრო იგორ როდიონოვის პიროვნება 9 აპრილის მოვლენებით გახლავთ. სწორედ როდიონოვის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა 1989 წლის 9 აპრილს ქართველი მშვიდობიანი მომიტინგეების მხეცური დარბევა, რომლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.