გაზეთ Sun-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ტერორისტი სიდნეიდან მასზე „ნადირობდა“ (ვიდეო)
ყველაზე ოდიოზური ბულვარული გაზეთის Sun-ის მიმომხილველმა ქეთი ჰოპკინსმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც ცინიკოსებიც გააოცა. საგაზეთო მასალაში ჟურნალისტმა დაწერა, რომ ავსტრალიელი ტერორისტი ჰარონ მონისი, რომელმაც სიდნეის კაფეში ტყვეები აიყვანა, სინამდვილეში მასზე „ნადირობდა“, – წერს Mirror-ი. „ნიუ-იორკში ვმუშაობდი 2001 წლის 11 სექტემბერს, ვიმყოფებოდი ლონდონში საშინელი ტერაქტების დროს, 2005 წელს, ასე რომ, როდესაც სიდნეიში ჩავედი, არ გამკვირვებია, რომ ქალაქში ისლამის მიმდევარი ტერორისტი მოქმედებს“, – წერს ქეთი ჰოპკინსი.
ჰოპკინსის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ საერთო ჯამში, ტერორისტი მიზანს მიაღწევს. „ყველა წინა ტერაქტს ვარჯიშად ვაფასებ“, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰოპკინსმა არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ მუქარის შემცველ წერილებს იღებს. გარდა ამისა, მას ტელეფონითაც ემუქრებოდნენ. გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაში ჟურნალისტმა იხუმრა კიდეც, რომ თავს, როგორც კომპიუტერულ თამაშში, ისე გრძნობს, მისკენ მიმართული მონსტრების რაოდენობა კი არ მცირდება.
ჰოპკინსის ცინიკურმა სიტყვებმა Sun-ის მკითხველსა და ჟურნალისტის კოლეგებს შორის აღშფოთება გამოიწვია. ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ასეთ სიტყვებს ქეთისგანაც, რომელსაც ბევრი რამ აქვს ნანახი, არ მოელოდნენ. თუმცა საკუთარ ტექსტში ჰოპკინსმა აღნიშნა, რომ სიდნეის კაფეს Lindt-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გმირობა ჩაიდინა და სხვების გადასარჩენად საკუთარი თავი იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს ირანის მკვიდრმა ჰარონ მონისმა კაფე Lindt-ის 17 სტუმარი ტყვედ აიყვანა. შტურმის შედეგად ტერორისტი და მისი 2 ტყვე დაიღუპა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kH4oyNKcXv4″ width=”560″ height=”315″]