შს სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფება

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სამინისტროს დელეგაციაში არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ გამეზარდაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სხვა წარმომადგენლები. როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს დელეგაციის წევრებისათვის აშშ-ის სანაპირო დაცვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის, კერძოდ, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ტექნიკური მომსახურების დაგეგმარების და მათი ტექნიკური მზადყოფნის შენარჩუნების პროცესების გაცნობა. 24 თებერვალს სანაპირო დაცვის ბალტიმორის ბაზაზე, წყალზედა ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის წევრები მცირე ზომის კატარღების წარმოების პროცესს გაეცნობიან. 26 თებერვალს სანაპირო დაცვის ბოსტონის ბაზაზე, სანაპირო დაცვის საზღვაო-საინჟინრო დეპარტამენტში სარემონტო მომსახურების დაგეგმვის თემაზე ბრიფინგი ჩატარდება. 27 თებერვალს კი მაიამის ბაზაზე, წყალზედა ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 28 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები