აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს
ანტირუსული სანქციების შეუზღუდავი დაწესების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისი თქმით, ბარაკ ობამა კვლავ გეგმავს დოკუმენტის ხელმოწერას, თუმცა ამის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაცია ევროპულ ქვეყნებთან სანქციების დაწესების შეთანხმებას არ შეწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ერნესტმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოაწეროს ხელი. კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი – რუსული კომპანიების მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაა, მათ შორის „როსობორონექსპორტის“ და „გაზპრომის“ წინააღმდეგ.
„როსობორონექსპორტს“ სირიაში იარაღის მიწოდების გამო ემუქრება სანქციები, „გაზპრომისთვის“ კი, შესაძლოა, ზომები ნატოს ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში გაზის ექსპორტისთვის დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში გამოიყენონ.
გარდა ამისა, შესაძლოა, რუსეთისთვის ნავთობის მოპოვებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის გაყიდვისთვის და უცხოური საინვესტიციო პროექტებისთვის შეზღუდვა დაწესდეს. დოკუმენტი ასევე უკრაინისთვის შეიარაღების, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შესაძლებლობას და ჯარების მომზადებაში დახმარებას ითვალისწინებს. ამ მიზნებისთვის 2017 წლამდე 350 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი.