კახეთში მამაკაცმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას ქმარმა მეუღლე მოკლა.
თ.ა.-მ მის მეუღლეს ე.მ.-ს ცივი იარაღით, გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მუცლის არეში თვითმკვლელობის მიზნით, თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მამაკაცი დაკავებულია – სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით დანა ამოიღეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.