ვაზიანში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა (ვიდეო)

ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
გაცილების ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.
„მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი, როგორც იმ რეგიონის სტაბილურობისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ეს მისია ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაახლოებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს ბიჭები მაღალ დონეზე არიან მომზადებულნი და ყველა შეფასებით მაღალი ქულები დაიმსახურეს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისიას თავს გაართმევენ მაღალ დონეზე და ჩვენი ქვეყნის სახელი კიდევ ერთხელ დაფასდება“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გაბრიელმა დალოცა.
IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული საერთაშორისო მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში, გერმანული კონტინგენტის დაქვემდებარებაში შეასრულებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა მომზადება ნოემბერში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარეს. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.

 

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=EC-yDubUX7A&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები