ევროკავშირი და აშშ ჟურნალისტების დაკავების გამო თურქეთს საყვედურობენ

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების მიერ მედიასაშუალებების დარბევისა და მათი ხელმღვანელების დაკავების ფაქტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გამოეხმაურა.
ფედერიკა მოგერინის თქმით, თურქეთის ინტერესია, რომ ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს პატივი სცეს. სპეციალური განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც მედიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თურქეთში დაკავებული 24 რედაქტორი, ჟურნალისტი და პროდიუსერი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მათი დაკავება აუცილებელი ნაბიჯი იყო.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მითვისების მცდელობის ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 20-ზე მეტი ჟურნალისტი, მენეჯერი და მედიასაშუალებების სხვა თანამშრომლები სხვადასხვა ტელევიზიასა და გაზეთში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დააკავა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, აღნიშნული დაკავებები დაკავშირებულია აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც ისლამის ცნობილი მქადაგებელია.
ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას – ამ სათაურით “კვირამ“ მიმდინარე წლის სექტემბერში გიულენის შესახებ “საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარის რომან კვიციანის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა.
რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს. ამ ქვეყნების უმრავლესობაში სასწავლებლების დახურვა სწორედ ერდოღანის უშუალო ჩარევით მოხდა.
აზერბაიჯანში, ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ შემთხვევით გასაჯაროვდა წერილი, რომლის ადრესატიც ფეთჰულაჰ გიულენი იყო. წერილში გიულენს აზერბაიჯანელი მომხრეები ატყობინებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ თანამოაზრეებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის დიდი შანსი ჰქონდათ. წერილის ავტორი წერდა, რომ ამით გიულენს აზერბაიჯანის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაუადვილდებოდა. ამ ამბავს აზერბაიჯანის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. ამ პერიოდში რეჯებ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა, პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც გიულენს აზერბაიჯანში დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს უწყობდნენ. აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანში გიულენის მიერ გახსნილი აბსოლუტურად ყველა სასწავლებლის დახურვა მოჰყვა, შენობები კი, სადაც ეს სასწავლებლები ფუნქციონირებდნენ, კომპანია “სოკარს“ გადაეცა. დაიხურა ტელევიზია და გიულენის მიერ აზერბაიჯანში წამოწყებული ბიზნესებიც შეჩერდა. ასევე ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ აუდიენციას რუსეთში გიულენის მიერ დაარსებული უნივერსიტეტების დახურვა მოჰყვა. რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხიდან გამომდინარე, რუსეთმა სასამართლოს ძალით ფედერაციაში არსებული მისი ყველა სასწავლებელი დახურა.
ყველა თურქული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, მას ექვემდებარება. მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.
რომან კვიციანი აცხადებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მრავლად არიან გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები. მისი თქმით, გიულენს საგანმანათლებლო სფეროს გამოყენებით განზრახული აქვს სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსება და კონტროლის დამყარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები