კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია, ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ტაიმარ პეტერკოპს, კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, მიჰკელ ტიკსა და კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტორს, ანდრი რებანეს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ქართული მხარე სამხედრო ცენტრის სამუშაო პროცესსა და კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების პრინციპებსაც გაეცნო.
ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატოს კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრსაც ესტუმრნენ. მხარეები ნატოს სასწავლო ცენტრის ტექნიკურ სავარჯიშოებში „Locked Shields“ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლების დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ შეთანხმდნენ.
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრხოების დელეგაციის წევრები ქართველ სტუდენტებსაც შეხვდნენ, რომლებიც ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სწავლობენ. სტუდენტებთან ქართველი მაგისტრანტების ინტელექტუალური რესურსების გამოყენებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების კუთხით მათ მხარდაჭერაზე იმსჯელეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ესტონეთი კიბერუსაფრთხოების განვითარების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ტალინში განთავსებულია ნატოს კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრი (CCD COE), რომელთან თანამშრომლობაც ქართული მხარისთვის ნატოს უელსის სამიტის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები