გიორგი ვოლსკი: პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ნიძლავებს დებენ
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ მისთვის ბიუჯეტის პროექტი ძალიან საინტერესოა. მისი განცხადებით, “პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ნიძლავებს დებენ, რომ შენ ამას თუ გააკეთებ, მე წავალ და თუ ვერ გააკეთებ, შენ წადიო”.
როგორც ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბიუჯეტის განხილვაზე ოპონენტების მიერ წარმოდგენილი ბევრი შენიშვნა და მოსაზრება, პიარზე და სპეკულაციებზე გათვლილს თუ არ ჩავთვლით, ძალიან საინტერესო იყო. მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ფინანსთა მინისტრი ყველა საკითხზე იყოს იმდენად მომზადებული, რომ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
“არ შეიძლება, ფინანსთა მინისტრი ან ნებისმიერი ჩვენგანი ერკვეოდეს ისტორიულ მეცნიერებებში. საინტერესო იყო აქ წარმოდგენილი ახალი ხედვა იმის თაობაზე, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” თოთო ბავშვი ყოფილა, რომელმაც არ იცოდა მშობლისათვის როგორ მოევლო; სტომატოლოგიაში არ იყო, ალბათ, გათვიცნობიერებული, ვინაიდან კბილები დააძრო მოხუცებს და შემდეგ პროთეზებით მომარაგება ვერ შეძლო. შეიძლება მოვლა არ იცოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი მარჯვენაც და ძლიერი ჯოხიც ჰქონდა, კომბალი მაქვს მხედველობაში, რომელსაც პერიოდულად თავში ურტყამდა თავის გამზრდელ მშობელს. გაზრდის მერე, ალბათ, მოვიდოდა გონზე და დაიწყებდა ისეთ მართვას, როგორსაც მართლა მშობლის, სამშობლოს მოვლა წარმოადგენს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ სამომავლოდ, ბიუჯეტის განხილვისას კომიტეტებმა საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორ მიმდინარეობს თანხების ათვისება. აქედან გამომდინარე უნდა მსჯელობდნენ და არა მომგებიანი სიტყვებით აწონებდნენ ერთმანეთს თავს.
ვოლსკის განცხადებით, უამრავი საკითხია, რომელზეც შეიძლება მხარი დაუჭირონ და უთხრან ნოდარ ხადურს, რომ დაბალანსებული და სწორი ხედვით წარმოდგენილი ბიუჯეტია წარმოდგენილი.
ვოლსკიმ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის სოციალურ ნაწილზე და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება, ხალხს უთხრას, თქვენ უკვე კარგად ხართ და გეჩვენებათ, რომ პრობლემები გაგაჩნიათო, თუმცა ასევე უნდა ითქვას სახელმწიფო სახსრების სწორი მართვის თაობაზე.
გარდა ამისა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ჩვენ მასხარად ავიგდეთ 10 ლარი”, რომლითაც პენსიები გაიზარდა, თუმცა არავის ახსენდება, რომ საუბარია თვეში 7 მილიონზე, რაც უშველებელ რესურსს მოითხოვს ბიუჯეტისგან.
“როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ 10 000-ით მოიმატა პენსიონერთა რაოდენობამ, აქ ლომის წილი ისიცაა, რომ ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ იმ ელემენტარული პირობის ნაცვლად, რომელიც სახელმწიფომ მათ მისცა, რომ ემკურნალათ. არ შეიძლება მხოლოდ ამ 10 ლარზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ვიცით, რომ თითოეულ პენსიონერს 12-დან 15 000 ლარამდე აქვს შესაძლებლობა, სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რაც არ უნდა კარგი მუხლები ჰქონდეს ბიუჯეტს, მთავარი თემა სტაბილურობა და უსაფრთხოებაა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა სწორი ნაბიჯები უნდა უმაგრებდეს ზურგს. აქედან გამომდინარე, ვოლსკის თქმით, ჩვენს დიპლომატებს მეტი დახმარება სჭირდებათ.