„სააკაშვილის მოწოდება საქართველოს რუსეთთან ღია აგრესიის საფრთხეს უქმნის“

„საქართველოში ომის მზარდი საფრთხე არსებობს. სააკაშვილის მოწოდება ქართველი ოფიცრების მიმართ პროვოკაციული და ავანტიურისტულია და ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს. მისი განცხადებები საქართველოს პროკურატურამ უნდა შეაფასოს“, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ნარჩემაშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნის ლიდერებს გააგებინოს, რომ არცერთ ქვეყანაში საქართველო თავისი მოქალაქეების საომრად მივლინებას და კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს.
შსს-ს ყოფილი მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
„უკრაინის მოვლენების ფონზე სააკაშვილის მოწოდება ქართველი ოფიცრების მიმართ პროვოკაციული და ავანტიურისტულია. ის ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს. პროცესები შეიძლება ძალიან სწრაფად, მაღალი ინტენსივობით განვითარდეს. ეს განცხადება ძალიან მყიფეს ქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან ღია აგრესიის საფრთხის წინაშე. მას დასაყრდენი საქართველოში არ აქვს. ამიტომ ის ელვისებური ოპერაციით გავა საბჭოთა კავშირის საზღვრებზე იმისათვის. რომ ომის შემთხვევაში ამიერკავკასიის და საბჭოთა კავშირის ტერიტორია არ გადაიქცეს ისეთ ადგილად, სადაც შემოაღწევენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები. ამას რუსეთი არ დაუშვებს. სააკაშვილის განცხადებები საქართველოს პროკურატურამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის განცხადებით, ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ.
“უბრალოდ არც ამდენნი ვართ ეს ქართველები, მით უმეტეს, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წარმომადგენლები, ამიტომ, ასე ადვილი არ არის. გარდა ამისა, ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა უკრაინის მოქალაქე გახდება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომს, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები