„შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახური ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება და ცალ-ცალკე უწყება უნდა იყოს“
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების შესაძლო გამოყოფის საკითხს გამოეხმაურა.
ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებთან ის საკითხები მიმოიხილა, რის გამოც აუცილებელია, რომ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახური ცალ-ცალკე უწყება იყოს.
ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული უწყებების საქმიანობა ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. შსს-ს ყოფილი მინისტრის განცხადებით, გარდა უშიშროებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე უწყება გამოეყოს და 4-5 ახალი სამსახური ჩამოყალიბდეს.
„შინაგან საქმეთა სისტემაში ტრანსფორმაცია აუცილებელია. ეს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით არის განპირობებული. იმ შსს-ს ადგილზე, რომელიც დღეს გვაქვს, შესაძლებელია 4-5 ახალი სამსახურის შექმნა. ძალიან ცუდია, რომ შსს-ს და უშიშროების დაყოფაზე დღეს საქართველოში უმეტესად არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ. შინაგან საქმეთა და უშიშროების უწყებების საქმიანობა ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. შსს-ს საქმიანობა და მოვალეობა გამოძიების წარმართვაა, მაშინ, როდესაც უშიშროების სამსახური მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაში კავდება გამოძიებით. უშიშროების საქმეა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეკრება და მოსალოდნელი საფრთხეების გააზრება. სისტემაში, სადაც არის წვდომა ყველა სახის ინფორმაციასთან, გამიჯნული უნდა იყოს საპოლიციო და სამხედრო ძალისგან“, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.