ამირან სალუქვაძე: ქართული ავიაციის აყვავების მომხრე ვარ, ოღონდ არა ბოთლებით

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე „ჯორჯიან ეარვეისის“  თანამშრომლებსა და  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის  დაპირისპირებას  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„1.  ამ ჭკუით საქართველოს საჰაერო სივრცე ვერ გახდება მიმზიდველი;

2. მფრინავებს მეტი გაწონასწორება მოეთხოვება და ინტელექტით უნდა დაჯაბნოს მოპაექრე და არა ბოთლებით. ამ მდგომარეობით ხალხს არ მივანდობდი 1-2 თვე (მინიმუმ);

3. სააგენტო ვერაა სიმაღლეზე. ჯერ არ მინახავს დარგის განვითარების ნორმალური კონცეპტუალური დოკუმენტი, რა გვინდა, საითკენ მივდივართ, როგორ შემოვიყვანოთ მსოფლიო დონის გადამზიდავები, თან არ დავაზიანოთ ადგილობრივი და ა.შ.
საქართველო უნდა იქცეს ჰაბად, ოღონდ ასე ვერ იქცევა.აზერბაიჯანს მაინც დავესესხოთ გამოცდილებაში;

4. თბილისის აეროპორტის ხელშეკრულება დანაშაულებრივია. რაც პილოტმა გააჟღერა, თუ ეს სიმართლეა, რომ 150 კმ-ში აეროპორტის აშენების უფლება არ გვაქვს, ეს დივერსიაა და დანაშაულია. ეს პუნქტი გასაუქმებელია. ისრაელი ორჯერ მცირე ზომისაა და 40-ზე მეტი სამხედრო აეროდრომი აქვს მხოლოდ;

5. ეს რა სააგენტოა, ჯერ გადაწყვიტა 14-10-ზე, მერე ბოთლების მუქარით დააბრუნეს 10-10-ზე? თუ ასეა სწორი, ისე რატომ გადაწყვიტეს, თუ ისე იყო სწორი, რატომ გადათქვეს? რუსული კომპანიები რომ მიუვარდნენ მოსკოვში რუსეთის სამოქალაქო ავიაციას იმათ „აირზენა“ უნდა აკრძალონ?

6. პარიტეტი კლავს კონკურენციას და სერვისის ხარისხს. ასე ორთავე მხარეს შეუძლია გარანტირებულად ცუდად მოემსახუროს მომხმარებელს, ნაკლები დახარჯოს უსაფრთხოებაზე და ა.შ.

 P.S. ერთმნიშვნელოვნად ქართული ავიაციის აყვავების მომხრე ვარ, ოღონდ არა ბოთლებით და მუშტიკრივით, არამედ კონკურენციით, ინტელექტით, სერვისით, ფასებით. უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო სატრანსპორტო დერეფნად და ჰაბად იქცეს“, – წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

 შეგახსენებთ, რომ კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ ხვალიდან თბილისი – მოსკოვის მიმართულებით ფრენებს აღადგენს, – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის, ხომალდის მეთაურის დავით მიკუჩაძის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც მიკუჩაძე აღნიშნავს, საქართველოს მთავრობასთან საინიციატივო ჯგუფის კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც გაფიცულმა თანამშრომლებმა მიიღეს პირობა, რომ მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები განიხილება და გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები