ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენელი დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენელი ჟოაო სუარესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავს. სუარესი საქართველოში სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
სუარესი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გაერთიანება, მათ შორის ეუთო-ს წევრი არაერთი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში სასამართლო პროცესების არაობიექტურად წარმართვისა და იმ ფაქტის მიმართ, რომ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ან პატიმრობაშია (ძირითადად, წინასწარ პატიმრობაში), ან ბრალდების/გამოძიების ქვეშ არის.
სუარესის თქმით, “მსგავსი ცნობები დემოკრატიული და ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ჩრდილს აყენებს”.
“2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და სამაგალითო გადაბარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დემონსტრირება იყო. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის მიმართულებით წავიდეს და არა უკან”, – წერს სუარესი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასამართლება, მისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მისი ოჯახის ქონების დაყადაღება, რომელსაც ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო.
“მიუხედავად იმისა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, ამ და სხვა გამოძიებების პოლიტიკური ხასიათი ძირს უთხრის ხელისუფლების მტკიცებას, რომ კანონის უზენაესობა დაცულია”,-აღნიშნავს სუარესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები