„სახელმწიფოს დღეს ნარჩენების მართვის გეგმა არ გააჩნია“
გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნარჩენების მართვის სახელმწიფო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ჩხობაძის განცხადებით, საჯარიმო სანქციები არ იმუშავებს, თუკი, პირველ რიგში, ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ მუნიციპალიტეტების დონეზე არ შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების გეგმა.
„საჯარიმო სანქციები აქამდეც არსებობდა გარემოს დაბინძურებაზე, თუმცა გაურკვეველი იყო, ეს ვის კომპეტენციაში შედიოდა. იმის ადმინისტრირება, თუ როგორ უნდა დაჯარიმდეს მოსახლე, რთული პროცესს წარმოადგენდა. იყო მოთხოვნა, რომ სოფლებში დადგმულიყო ნაგავმზიდები კვირაში ერთხელ მაინც ნაგვის გასატანად. ეს პრობლემა ადრე არ იყო და 21-ე საუკუნეში გაჩნდა, როდესაც დიდი რაოდენობით პოლიეთილენი, პამპერსები და, ასე შემდეგ, შემოდის. მანამდე სოფლად ჩვენ ეს პრობლემები არ გვქონია. უნდა არსებობდეს ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც უნდა ჰქონდეს თითოეულ მუნიციპალიტეტს. რეალურად მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ასეთი გეგმა. არა გვაქვს სახელმწიფოს დონეზეც ნარჩენების მართვის გეგმა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა აქცენტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემებზეც გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი სტანდარტს ალმაყოფილებს, საშინელი სუნი დგას და გარშემო მცხოვრები მოსახლეობისთვის აუტანელი სიტუაციაა.
„ ქალაქის ახალ შემოერთებულ უბნებში ნაგვის გატანის პრობლემა დგას. სერიოზული პრობლემა აქვს თბილისს სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით. ავაშენეთ ლილოს ნაგავსაყრელი, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან ახლოს არის მოსახლეობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის სტანდარტს აკმაყოფილებს, საშინელი სუნი დგას და ირგვლივ მცხოვრებთათვის აუტანელი სიტუაციაა. ეს არ არის ის ტერიტორია, რომელიც უნდა ყოფილიყო ნარჩენების პოლიგნისთვის. ამ ნაგავსაყრელზე არ უნდა ყოფილიყო სუნი. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ იქ არის მიწისქვეშა წყლები, ვეჭვობთ, რომ იქ შეიძლება ბიომემბრანაა გახეთქილი“,- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.