„თბილისში ძალადობის შემაკავებელი ორდერის გაცემის მაჩვენებელი ერთიორად გაიზარდა“

„ შარშანდელ წელთან შედარებით, წელს თბილისში ძალადობის შემაკავებელი ორდერის გამოცემის მაჩვენებელი ერთიორად გაიზარდა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრმა და სამდივნოს უფროსმა მაკა ფერაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, შსს ანალიტიკური დეპარტამენტი ძალადობის შესახებ მონაცემებს დაამუშავებს და უკვე ციფრებით გვეცოდინება აღნიშნული დანაშაულის ზუსტი რაოდენობა.
მაკა ფერაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ განცხადება ძალადობის შესახებ ბევრად ნაკლებია, ვიდრე რეალურად ოჯახში ძალადობის ფაქტები.
შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რის გამოც ხშირად ძალადობის მსხვერპლი თავს იკავებს სხვადასხვა უწყებას დაუკავშირდეს და ძალადობის შესახებ განაცხადოს.
„ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შსს სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთად ახორციელებს. კამპანიაში აქტიურადაა ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მათი ხელშეწყობით და ორგანიზებით მიმდინარეობს შეხვედრები სტუდენტებთან, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან. საზოგადოების მხრიდან ამ შეხვედრებს დიდი ინტერესი მოჰყვა. აუცილებელია, საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა. ერთი პრობლემაა ის, რომ ოჯახში ძალადობის ფენომენს ფარული და განგრძობადი ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი იდენტიფიცირება სხვა ტიპის სამართალდარღვევებთან შედარებით ბევრად რთულია, ვიდრე პრობლემაა. ასევეა მენტალიტეტიც. საზოგადოებაში სირცხვილად ითვლება ოჯახში ძალადობა. მათ სურთ, რომ ეს რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა იცოდეს, ან საერთოდ არ იყოს გამხელილი. კიდევ ერთი პრობლემა – საზოგადოების რაღაც ნაწილს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა მოუგვარებელი პრობლემაა, არის ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია იდენტიფიცირება, რომ ოჯახში ძალადობა დანაშაულია და ეს ნორმად მიაჩნია. საზოგადოების ნაწილი მესამე პირს – არც სამართალდამცავებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთოდ არ ენდობა“,- განაცხადა მაკა ფერაძემ.
ფერაძის განცხადებით, სამინისტრომ ძალადობის წინააღმდეგ მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნა სწორედ სპეციალური კომისია შსს-ში, კომისიის წევრები შსს მაღალი თანამდებობის პირები არიან და მას მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ხელმძღვანელობს.
„კომისიის ფუნქციაა იმ პრაქტიკული ხარვეზების იდენტიფიცირება, რასაც აქვს ადგილი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების აღსრულებაში სამართალდამცავების მიერ. კომისია სამოქალაქო სექტორთან შეხვედრებს აგრძელებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მათ წარვუდგენთ, თუ რა პროგრესს მივაღწიეთ ამ კომისიისა და, ზოგადად, ამ კამპანიის ფარგლებში. შსს-ს გარდა ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას. ამისთვის არსებობს სასამართლოს პირველი ინსტანციაც, სადაც დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით გარკვეულ პირს შეუძლია მიმართოს. არის ასევე სახელმწიფოს „ცხელი ხაზი“: 2 309 903. ამ ნომერზე მათ ასევე შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაცია და გარკვეული დახმარება მიიღონ“,- აღნიშნა მაკა ფერაძემ.
შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრის თქმით, გარკვეულწილად დამცავი ორდერისადმი მიმართვიანობა მომატებულია. მისი თქმით, გაიზარდა არა მარტო პოლიციისთვის მიმართვიანობა, არამედ სასამართლოს და სხვა ორგანიზაციების კუთხითაც აქტიურობა.
„კამპანიამ იმუშავა მოსახლეობაში. გამოვიწვიეთ, ნდობა, ინტერესი და მიმართვიანობის მოტივაცია ავამაღლეთ“,- განაცხადა მაკა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები