“ჯორჯიან ეარვეისის” თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებით იმუქრებიან
კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გაფიცულმა თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც „კვირას“ კომპანიის დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრული პარალიზება ემუქრება.
კომპანიის გაფიცული თანამშრომლები შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.
კერძოდ, სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე;
რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა;
დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ;
სააგენტოდან გათავისუფლდნენ წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები;
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს;
სასწრაფოდ აღუდგეს „ჯორჯიან ეარვეისს” ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.
როგორც ზაუტაშვილმა განაცხადა, აეროპორტი არის თურქული კომპანიის მფლობელობაში, საჰაერო ცა გადადის რუსული კომპანიების მფლობელობაში და რეალურად ქართულ საავიაციო კომპანიებს არავითარი ადგილი აღარ რჩებათ ქართულ საჰაერო სივრცეში.
“ჩვენ აღარანაირი ადგილი აღარ გვრჩება, აეროპორტი არის თურქულ მფლობელობაში, ცა გადადის რუსულ მფლობელობაში და ჩვენი ადგილი, ასე გამოდის, რომ რეალურად აღარ არის. შესასვლელ-გამოსასვლელებზეც კი პრობლემებს გვიქმნიან”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.