ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

11 დეკემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსის – „წეროს“დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. კონკურსი „წერო 2014“ 3 ნოემბერს დაიწყო. მსურველებს 5–10 -გვერდიანი ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge-ს ვებგვერდზე 24 ნოემბრამდე შეეძლოთ. სულ გამოქვეყნდა 345 ნაწარმოები. კონკურსის მეორე ეტაპზე, ჟიურის წევრებმა 14 ნამუშევარი შეარჩიეს. რჩეული ნაწარმოებები ინტერნეტმაღაზია lit.ge-ზე განთავსდა და მკითხველს 10 დღის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა.
„წერო2014“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებული სწორედ მკითხველთა შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული ნაწარმოების ავტორს 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო გადაეცემა. მეორე და მესამე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები კი, შესაბამისად, 2000 და 1000 ლარით დაჯილდოვდებიან.
საკუთარ რჩეულ ნამუშევრებს დაასახელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე რჩეული ნაწარმოების ავტორს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებულ საჩუქრებს გადასცემს. ტრადიციულად, დასახელდება ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც.
ელექტრონული წიგნების მაღაზია Lit.ge კი ყველაზე აქტიურ მკითხველებს ლიტბარათებით დააჯილდოვებს.
ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ ორგანიზატორები არიან – ელექტრონული წიგნების მაღაზია “Lit.ge” და ფარმაცევტული კომპანია GPC. მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს მწერალთა სახლი.
ჟიურის მიერ შეირჩა ნაწარმოებები: „დახურული ქარხნების სინდრომი“; „ვინც გაიცინებს, გავარდება“; „ზელდა ბრაუნის ნაამბობი“; „ზღვის სუპი“; „თქვა პრეზიდენტმა“; „იაკობის ჭასთან“; „მე, ბიძაჩემი, ფეხბურთი და გამრავლება“; „ნუ გეშინია, ანა“; „სასაუზმე ბუდაპეშტი“; „საშკა“; „სიკვდილის მწერალი“; „ჩამრთველი“; „ჩემი ძვირფასი ლოლიტა მასწავლებელი“; „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები