კულტურის სამინისტრო უწყების ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მცდარს უწოდებს , გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სამინისტრომ 2013 წლის ბიუჯეტი ვერ აითვისა.
თემასთან დაკავშირებით სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადებას პორტალი “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ვრცელდება მცდარი ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის აუთვისებელი ბიუჯეტის შესახებ.
საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გატყობინებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების 2013 წლის ბიუჯეტმა შეადგინა 81 796 374 ლარი. აღნიშნული თანხიდან სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი მხარჯავი დაწესებულებების მიერ სულ 2013 წლის განმავლობაში გადასახდელად აღებულმა ვალდებულებებმა შეადგინა 78 248 547 ლარი (96%), შესაბამისად დარჩენილმა რესურსმა შეადგინა 3 547 827 ლარი (4%). მათ შორის, სამინისტროს პროგრამების რესურსი: 1 250 948 ლარი და სისტემაში შემავალი მხარჯავი დაწესებულებების (სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) რესურსი: 2 296 879 ლარი.
უშუალოდ სამინისტროსთვის განკუთვნილი თანხიდან დარჩენილი რესურსი, 1 250 948 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა მხოლოდ სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისი დაფინანსებისათვის განკუთვნილ თანხას. სამინისტროს პოლიტიკის თანახმად ფინანსდება მხოლოდ მაღალი კულტურული ღირებულების მქონე და იურიდიული და ტექნიკური თვალსაზრისით გამართული პროექტები, რომელთა რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი ბიუჯეტის 100%-ით გახარჯვისათვის (დარჩენილი რესურსი 1 250 948 ლარი შეადგენს სრული ბიუჯეტის 1.5%-ს)“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.