თბილისის მერია გამოძიებასთან თანამშრომლობს
ქალაქ თბილისის მერიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებაში დაწყებულია გამოძიება 2014 წლის „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვის კანონიერების შესწავლის მიზნით.
„ხსენებულ საქმეზე თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის ფარგლებშიც მოხდება მათ მიერ გადმოგზავნილ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა. გამოძიება მიმდინარეობს 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 182-ემუხლის მე-2 ნაწილით“, – აცხადებენ პროკურატურაში.