მიკაილ კადიევი საქართველოს თავშესაფარს სთხოვს
იარაღის უკანონო ტარებისთვის გასამართლებული მიკაილ კადიევი საქართველოში თავშესაფარს მოითხოვს. პატიმარი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთში მის ექსტრადირებას გეგმავს. დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, კადიევის საქმე სწორედ ექსტრადირებასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის პროცესია და ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს.
„ეს საქმე არის სასამართლოში და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო, ის იქნება საბოლოო და კანონი ჩვენთვის. რამე საფრთხე რომ იყოს, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩაერეოდა გაეროს უმაღლესი კომისარიატი და უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია. ჯერჯერობით არავისგან საგანგაშო სიგნალი არ ისმის. გადაცემა არ იგეგმება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დაღესტნის მკვიდრი კადიევი 2009 წელს ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობაშია ბრალდებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადიევი რიზვან ომაროვთან ერთად 2012 წელს დააკავა. მათ ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს. მას შემდეგ, რუსეთი კადიევის მისთვის გადაცემას მოითხოვს, თუმცა ქართულ მხარეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.