შსს-ს სოციალურ კამპანიას სტუდენტები იმერეთში შეუერთდნენ

 

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ შსს-ს სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ.
ახალგაზრდებმა ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში გამართეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში დილის 11 საათზე ერთდროულად დაიწყო და 12:30 საათზე დასრულდა.
სტუდენტები მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში – სასწავლო დაწესებულებებთან, სკოლებთან, მეტროსადგურებთან ხვდებოდნენ და მოუწოდებდნენ, ოჯახში ძალადობის კამპანიას შემოუერთდნენ. მათ გამვლელებს ხელზე აღუბეჭდეს კამპანიის ლოგო „არა ძალადობას!“ და კამპანიის ატრიბუტიკა – სამაჯურები და ბუშტები დაურიგეს. თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან „რუსთაველი“-ს მეტრომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა – მე-6 კორპუსიდან სპორტის სასახლემდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა – ჭავჭავაძის გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციებს სტუდენტები რეგიონებშიც შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა მსვლელობა გამართეს გორში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულსა და ახალციხეში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები