2014 წელს საქართველოში 15 ნობელიანტი მწერლის ნაწარმოები გამოიცა
სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ლაურეატები ჩავიდნენ. დღეს ლაურეატებს ჯილდო და პრემიები გაეცემათ, რის შემდეგაც ისინი თავიანთი სურვილისამებრ სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციას წაიკითხავენ, – ნობელის პრემიის ლაურეატებზე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა კახმეგ კუდავამ ისაუბრა.
კუდავას განცხადებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ყველაზე მეტი ნობელიანტი დაბეჭდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ნობელის პრემია არა ლიტერატურის, არამედ მშვიდობის დარგში მიიღეს.
„ინტელექტი“ ბეჭდავს ყველა ნობელიანტს. უკვე 90 ნობელიანტი გამოვეცით. სულ 1901 წლიდან დღემდე 130 ნობელიანტია. წელს გამოვეცით 15 ნობელიანტი. ვბეჭდავთ ისეთი ადამიანის ნაწარმოებებსაც, ვინც ნობელი არა ლიტერატურის, არამედ მშვიდობის დარგში აიღო. ბევრი მათგანი ქართულად არასდროს გამოცემულა. მათ შორისაა წელს გამოცემული გაბრიელ გარსია მარკესის „იცხოვრე, რომ მოჰყვე“ და ირანელი ნობელიანტის მშვიდობის დარგში შირინ ებადის „ოქროს გალია“. ასევე ფრანგი მწერლის კლოდ სიმონის „ფლანდრიის გზა“, რომელიც ქართულად არასოდეს დაბეჭდილა“,- განაცხდა კახმეგ კუდავამ.
კუდავა იმედოვნებს, რომ გამომცემლობა „ინტელექტი“ მომავალი წლიდანაც ხშირად დაბეჭდავს ნობელიანტთა ნაწარმოებებს.