„რაც ბუბა კიკაბიძეს უკადრებია ცხოვრებაში, ფერმის ღორი არ იკადრებდა“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟისთვის ცოტნე გამსახურდიასთვის მიუღებელი და გაუგებარია იმ მოქალაქეების პოზიცია, რომელთაც მომღერალ გრიგორი ლეპსის კონცერტის თბილისში ჩატარება გააპროტესტეს.
გამსახურდია ხელოვნების პოლიტიზაციის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ლეპსის შემოქმედების მოწონება-არმოწონება გემოვნების საკითხია და არა პოლიტორიენტაციის.
ამ კონტქესტში გამსახურდიას საკუთარი მაგალითი მოჰყავს. როგორც პირველი პრეზიდენტის ვაჟი აღნიშნავს, თავად ბუბა კიკაბიძის რამდენიმე სიმღერას სიამოვნებით უსმენს, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად კიკაბიძისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
“ატყდა ახლა მთელი ჰამბავი აქ ლეფსის კონცერტზე. ვიცნობდი ოდესღაც. სხვათა შორის, ცუდი ადამიანი არ იყო ყოფითში… მისი ზოგი სიმღერაც ძალიან მომწონდა, ნიჭიერი კაცია. ის – რუსია, შეიძლება ითქვას. და მორჩა. ქართველობას ნუ სთხოვთ. დროა, დაანებოთ თავი ამ სისხლისმიერ, ფაშისტურ თეორიებს: ნაციონალურ კუთვნილებას განსაზღვრავს მენტალობა და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი! მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ხელოვნების პოლიტიზაციის და მისი მუსიკალური ნიჭი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. ეს გემოვნების ამბავია და არა პოლიტორიენტაციის! რა გჭირთ, ხალხო? ამის გამო იქ მიმსვლელების დემონიზაცია ისეთივე სისულელეა, როგორც ის, რომ ხატია ბუნიათაშვილის დაკრულს არ მოვუსმინო იმიტომ, რომ „მიშისტკა“ იყო.
განსაკუთრებით საოცარია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა თითქმის სრულიად საქართველო ლამისაა თურქულად აჟღურტულდეს ამ სერიალებზე და თურქების “დიდებულ საუკუნეს” , რომელიც რეალურად ჩვენს ამოწყვეტა-მიწასთან გასწორებას ნიშნავდა, დითირამბებს უმღერენ! ეს ორმაგი სტანდარტი ხომ თეთრი ძაფითაა შეკერილი???
P.S. პირად დამოკიდებულებაზე თუ ვილაპარაკებთ, მაგალითად მე, ბუბა კიკაბიძის ზოგ სიმღერასაც სიამოვნებით ვისმენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი: რაც მას უკადრებია ცხოვრებაში, ფერმის ღორი არ იკადრებდა“,- წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ შვიდ დეკემბერს, ქართული წარმოშობის მომღერლის გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგოლ ლეფსვერიძის კონცერტი სპორტის სასახლეში ხმაურით დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილმა ლეპსის კონცერტის თბილისში ჩატარება გააპროტესტეს და იმ ადამიანებს, ვინც კონცერტს დაესწრნენ, მოღალატეები უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები