ევროპაში „სამხრეთის დინების“ ალტერნატივა იპოვეს

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი რუსეთის „სამხრეთის დინების“ მშენებლობაზე უარის შემდეგ ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება. ამის შესახებ ენერგეტიკული საბჭოს საქმეებზე მომუშავე ევროკომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“. შეფჩოვიჩის თქმით, კასპიის რეგიონიდან „სამხრეთის გაზის დერეფნით“ ევროპაში გაზი პირველად 2019 წელს წამოვა.
ევროკომისრის თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო აზერბაიჯანის და თურქეთის დასტური იმის შესახებ, რომ ეს ქვეყნები „სამხრეთის დერეფნის“ ფარგლებში პროექტების რეალიზებას ემხრობიან.
შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის გაზის დერეფანი“ – გაზის მიწოდების ევროპული კონცეფციაა, რომელიც ლოკალური გაზსადენების სისტემებზეა დაფუძნებული. ამ გაზსადენებმა რუსეთის აცილებით კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროექტი 2009 წელს დაიწყო.
ევროკავშირის პარტნიორები „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განხორციელებაში აზერბაიჯანი, თურქმენეთი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი, ერაყი, ეგვიპტე, ირანი და უზბეკეთია. შეგახსენებთ, რომ გაზსადენ „სამხრეთის დინების“ მშენებლობა 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ანკარაში ვიზიტის შემდეგ შეწყდა. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახალი მილსადენი სისტემების მშენებლობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები