პრეპარატი, რომლის მომხმარებელი 7 ქალბატონი გარდაიცვალა, საქართველოში აქტიურად გამოიყენება

  „დიანე 35“ – პრეპარატი, რომლის მიღების შედეგად 7 ქალბატონი გარდაიცვალა, საქართველოში აქტიურად გამოიყენება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ავრცელებს.
გამოცემასთან საუბრისას, პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აცოციაციის თავმჯდომარე ნანა სანაია ჰყვება, რომ პრეპარატი საფრანგეთში უკვე აკრძალეს, ხოლო პოპულარულმა გაზეთმა „ფიგარომ“ გამოაქვეყნა ფაქტი 7 ქალბატონის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც „დიანე 35“-ის მომხმარებლები იყვნენ.
„თავიდან ამ პრეპარატის მთავარი ფუნქცია იყო აკნეს, -ახალგაზრდებში გამონაყარის მკურნალობა, ხოლო შემდეგ ფუნქცია მიენიჭა, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის. მედიკამენტების ფედერალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა მედიკამენტის ტესტირება და დადგინდა, რომ ეს მედიკამენტი ახდენს დე-ენ-ემის დაზიანებას და რომ ონკოლოგიური დაავადებების დიდ რისკს შეიცავს… ამ პრეპარატზე ასევე ჩატარდა სპეციალური კვლევა კანადაში და იქაც გაირკვა, რომ „დიანე 35“ ქალის ორგანიზმისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს, ამის შემდეგ ფარმაცევტებმა შეიტანეს სარჩელი გერმანული შერინგის ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პრეპარატი დღესაც მოიხმარება, მათ შორის საქართველოშიც ჩვეულებრივად ექიმები უნიშნავენ პაციენტებს“, – ამბობს სანაია.
მისივე განცხადებით, „დიანე 35“-ის მიერ გამოწვეული უკუჩვენებების შესახებ ქალბატონების საჩივრები შედის დავით გაგუას კლინიკის გინეკოლოგთან ბესო ტყეშელაშვილთან.
ბესო ტყეშელაშვილი კი „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მასთან მიდიან აღნიშნული პრეპარატის ჰორმონალური და ენდოკრინული მეტობოლური გართულებებით. მისივე თქმით, საქართველოში „დიანე 35“ ბევრ ქალბატონს დიდი დოზით ენიშნება. ტყეშელაშვილი იმ ჩივილებზეც საუბრობს, რითაც მას პაციენტი ქალბატონები მიმართავენ.
„მაგალითად, გოგონას, რომელსაც ჰქონდა თმიანობა და ციკლის დარღვევა, უნიშნავენ პრეპარატს და მისი მიღების დროს პაციენტს ციკლი აქვს, მაგრამ ეს მისი ციკლი არაა, ეს წამლის ციკლია, რადგან „დიანე“ აკეთებს ყველაფერს საკვერცხეებისა და ტვინის ნაცვლად და ქმნის მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლის ილუზიას. დიდი პროცენტით ხდება დამოკიდებულება და ჩემთან მოდიან ამ წამლის მიღების ან მოხსნის დროს განვითარებული მოვლენების გამო, წონის მომატებით ან სხვა დარღვევებით“, – აცხადებს ტყეშელაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ნანა ნამგალაური კი აცხადებს, რომ პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ აქვთ.
„ამ პრეპარატის გვერდითიმოვლენების შესახებ ინფორმაცია ჩვენთან არ არის, ოფიციალურად არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არ გვიკრძალავს“, – აცხადებს ნამგალაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები