ბექა დავითულიანი: „თბილისის მერი, მის გუნდთან ერთად, დღეს რეალურად ქმნის თბილისის ახალ ისტორიას და ქალაქს, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“
„მესამედ მხადაჭერა ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის მოსახლეობა კმაყოფილია გაწეული სამუშაოთი. კმაყოფილია იმ ხედვებით და პროექტებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თბილისში განხორციელდა“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. ბექა დავითულიანის თქმით, მესამედ მხარდაჭერა ნიშნავს იმასაც, რომ თბილისის მერია დღეს რეალურად ქმნის თბილისის ახალ ისტორიას და ქალაქს, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
თავის გამოსვლაში ბექა დავითულიანმა 2017 წელს ქალაქში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ დროს ძირითადი პრობლემები ჰაერის დაბინძურება, უმუშევრობა, ქაოტური განაშენიანება და საცობები იყო. დღეს კი, როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ამ პრობლემებიდან მთავარ გამოწვევებს შორის პრაქტიკულად მხოლოდ საცობები რჩება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მენეჯმენტს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რომელიც დედაქალაქის წინაშე მწვავედ იდგა. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც დედაქალაქის საკეთილდღეოდ თავდაუზოგავად შრომობდა. მე დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდით კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელებთ საქმეს და კახა კალაძის ლიდერობით ნამდვილად შევქმნით ჩვენი ქალაქის უკეთეს ისტორიას. დიდი მადლობა თბილისის მოსახლეობასაც, რომელმაც უკვე მესამედ დაუჭირა მხარი კახა კალაძეს და მის გუნდს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
