ირაკლი კობახიძე – დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული, ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე

დაახლოებით 20 მილიონია ამოღებული და ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, 2024 წლის 8 თებერვლიდან, კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მიღებული იქნა არაერთი ზომა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამორიცხულიყო კორუფცია ქვეყანაში.

„რაც შეეხება თანხების ამოღებას, დაახლოებით 20 მილიონის თანხებია ამოღებული და ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე შესაბამისი უწყებები გაგცემენ პასუხს. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცეებში ჩაღრმავება იყო შეუძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით და მან გააკეთა პირდაპირი განცხადებები კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. იმ დღიდან მოყოლებული, 2024 წლის 8 თებერვლიდან კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ჩვენ მივიღეთ არაერთი ზომა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ ფულის ამოღება გვინდა თუ სხვა რამ – ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას კორუფციისადმი ვაჩვენებთ არა მხოლოდ იმით, რომ წარსულ საქმეებში ჩავიხედეთ, არამედ, იმით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისათვის, რომ მთავრობის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველა პროცედურა, მათ შორის, ტენდერები, პრივატიზაცია და ა.შ. ეს აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით კორუფციის აღსაკვეთად ჩვენს ქვეყანაში, რის შედეგებსაც საზოგადოება იხილავს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები