ირაკლი კობახიძე – კორუფციასთან ბრძოლა არ არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, კორუფციასთან ბრძოლა გულისხმობს სისტემის გახსნას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, 2024 წლის თებერვლიდან, მაქსიმალური ზომები მივიღეთ, რომ კორუფციის პერსპექტივა დასულიყო ნულამდე
კორუფციასთან ბრძოლა არ არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, პირველ რიგში კორუფციასთან ბრძოლა გულისხმობს სისტემის გახსნას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის თებერვლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაქსიმალური ზომები იქნა მიღებული, რომ კორუფციის პერსპექტივა დასულიყო ნულამდე.
„მთავრობის ყველა აქტი 2024 წლის თებერვლიდან არის სრულიად ღია და გამჭვირვალე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩახედოს, გამოქვეყნებულია ათასობით აქტი. ერთი აქტიდან მაინც თუ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, გავცეთ ნებისმიერ კითხვას პასუხი. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერებთან, შესყიდვებთან დაკავშირებით, ყველა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე. აქაც მთლიანად შეიცვლება პრაქტიკა. პირდაპირი მიყიდვა ხდებოდა ძალიან ხშირად, პირდაპირი წესით ქონების გახსვისება, ასეთ პირობებში ბიუჯეტი კარგავდა თანხებს. ყველა ობიექტი გადის 2024 წლის თებერვლიდან აუქციონზე. მთავრობის ჩამოყალიბების დღიდან, ყველა ობიექტი გადის აუქციონზე, შესაბამისად, აქაც თეორიულადაც შეუძლებელია რაიმე კორუფციული გარიგების დადება. ეს არის მთავარი, როდესაც საუბარია კორუფციის დაძლევაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
