მიხეილ გიორგაძემ მარიამ ბაწაშვილს უმასპინძლა

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ახალგაზრდა ქართველ პიანისტს მარიამ ბაწაშვილს უმასპინძლა და ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სტუმრები ჰოლანდიიდან – ლისტის საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები რობ ჰილბერნიკი, ქუინთენ პილენი და ნანდელ ჩირკელი.
ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი და I საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. 21 წლის ხელოვანმა ასევე საერთაშორისო პრესის ჟიურის პრიზიც მიიღო. კონკურსის თანახმად, გამარჯვებული სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო პროგრამით წარდგება. მარიამ ბაწაშვილს თან ახლდება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მასზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. პიანისტი სწორედ ამ ჯგუფთან ერთადაა ჩამოსული საქართველოში.
ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ.
მარიამ ბაწაშვილი უკვე ოთხი წელია გერმანიის ქალაქ ვაიმარში, ლისტის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობს. ახალგაზრდა პიანისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები