„ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერად დარჩენა უმრავლესობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“
„ვიცე – სპიკერად ზურაბ აბაშიძისა და იმ სამი კომიტეტის თავმჯდომარეებად „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების დარჩენა-არდარჩენა მხოლოდ უმრავლესობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
„ფრაქციების რაოდენობით ამ პარლამენტში რეკორდული რაოდენობა გვაქვს, პარლამენტში ამჟამად 11 ფრაქციაა. რაც შეეხებათ ვიცე – სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 5 ვიცე-სპიკერი, აქედან ერთი მისი პირველი მოადგილეა, რომელსაც პირადად წარადგენს თავმჯდომარე, დანარჩენებიდან სამი არის უმრავლესობისა და ერთიც უმცირესობის კვოტით. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერად დანიშნულმა ზურაბ აბაშიძემ უმრავლესობა დატოვა, ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო პარლამენტში სასწრაფოდ განსახილველი საკითხი. უმრავლესობას შეუძლია ისიც და იმ სამი კომიტეტის თავმჯდომარეც, რომლებიც უმრავლესობის წევრები აღარ არიან, მაგრამ ოდესღაც სწორედ უმრავლესობით დაინიშნენ, თანამდებობიდან გადააყენოს. მეორე მხრივ კი, უმრავლესობას შეუძლია ვიცე-სპიკერის პოსტზე ნებისმიერი ადამიანი წარადგინოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი უმრავლესობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ახალი ბალანსი შეიქმნა, უმრავლესობა საკმაოდ სტაბილურ გუნდად რჩება.
„უმრავლესობა საკმაოდ სტაბილურ გუნდად რჩება. პარლამენტში დღეს უმრავლესობაში, ჯამში, 87 წევრია, უმცირესობაში 51 წევრია, არის კიდევ „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც უმცირესობის და უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციაა და არიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.