„ჯანყარაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით“
„ ზვიად ჯანყარაშვილი “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აღარ არის, თუმცა იმის შესახებ, თუ რა გახდა მისთვის თანამდებობის დატოვების მოტივი, ინფორმაციას არ ვფლობ“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
კახიანი ინფორმაციას არ ფლობს რომან ჩხენკელის შესაძლო გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და საზოგადოება უმჯობესია ოფიციალურ განმარტებას დაელოდოს.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა უკვე დაადასტურა, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მე ჯანყარაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვფლობ ინფორმაციას წასვლის მოტივების შესახებ. ჩემთვის უცნობია ჩხენკელის შესაძლო წასვლის შესახებაც. უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და გირჩევთ, რომ ოფიციალურ განმარტებას დაელოდოთ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტი დატოვა. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში გადადგა. შსს-ს დატოვები შემდეგ, ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანყარაშვილი შესაძლოა, უკრაინაში ელჩად დაინიშნოს.
ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის თანაშემწის, რომან ჩხენკელის შესაძლო გათავისუფლების შესახებაც. რომან ჩხენკელს ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩევლის გარდა, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც უკავია.