აშშ-ის კონგრესი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი გმობს რუსეთის ქმედებებსა და აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ. აშშ-ის კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ყირიმის უკანონო ანექსია, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს სეპარატისტების პოლიტიკური, სამხედრო – ეკონომიკური მხარდაჭერა. აღნიშნულის შესახებ კონგრესმა რეზოლუცია მიიღო.
„საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ყველა ქვეყნის უფლებას, მოახდინონ საკუთარი სუვერენული უფლებების რეალიზება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კონგრესი გმობს რუსეთის ფედერაციის მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ და ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”, – აღნიშნულია რეზოლუციაში. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს პარტნიორებთან თანამშრომლობისკენ, რათა ყირიმის უკანონო ანექსია არ იყოს აღიარებული. ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციისა და მისი მმართველების აქტივების გაყინვისკენ, რათა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.